ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები ამ ეტაპზე გაკეთდება 18 წლის ზემოთ პირებისთვის, თუმცა ვაქცინის მეორე პარტიის მიღების შემდეგ, ასაკობრივი ზღვარი 16 წლამდე დაიწევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა.
მისივე თქმით, ვაქცინის დარჩენილ პარტიებს საქართველო ეტაპობრივად მიიღებს.
ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ ამჟამად „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შეუძლიათ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, ასაკობრივი ზღვარი 16 წლამდე დაიწევს.
„ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ პირველი დოზით აცრილებისთვის იქნება გარანტირებული. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ უკვე არსებობს იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა, როგორც არის ინსტრუქციით, 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. ქვეყანაში „ფაიზერის“ მეორე პარტია რომ შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.