ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის მეტად გაუმჯობესების შემთხვევაში, რესტორნებს შაბათ-კვირას სტუმრების მიღების შესაძლებლობა დახურულ სივრცეშიც ექნებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდეს.
„აუცილებელია სერიოზული მონიტორინგი თავშეყრებზე, მხედველობაში მაქვს ყველანაირი თავშეყრა, განსაკუთრებით სასიხარულო თუ ჭირის სუფრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეზღუდვების საკითხზე საუბრისას ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდება, შესაძლოა, სტუმრების მიღება რესტორნების დახურულ სივრცეშიც დაშვებული იქნას.
„ამავე დროს, შემსუბუქების მეორე მიმართულება შეეხო შაბათ-კვირას. დაშვებული იქნა მაისიდან ზაფხულის განმავლობაში ღია სივრცეებში რესტორნების მუშაობა. ეპიდსიტუაცია უფრო თუ გაუმჯობესდა, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაშვებული იქნება სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც. ტურისტული სეზონია, აქტიურად ჩამოდიან ტურისტები საქართველოში. სასურველია, რეკომენდაციების დაცვის ფონზე, თანდათანობით შემსუბუქებები იყოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გდაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.