ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დილის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 587 პირს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 587 პირს, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
„იცით, რომ დაიწყო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი, თითქმის ყველა გადმოსული იყო გალის რაიონიდან, ორი იყო მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები, ყველა ეს ადამიანი იტესტება, ამ 587-დან მხოლოდ ერთი გვქონდა დადებითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან.