ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურის რაიონის რამდენიმე სოფელში წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭიათურის რაიონის რამდენიმე სოფელში წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ჭიათურის რაიონის რამდენიმე სოფელში წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმება.

„გვაქვს შემთხვევების მატება ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, „აჭარა ტექსილშიც“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდე გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ, ყველგან იგეგმება წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კლასტერული შემთხვევების ტენდენცია გამოჩნდა. ამასთან, გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია. მართალია, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ დამარცხებისგან ჯერ შორს ვართ. გუშინ და გუშინწინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ და ისევ მოვეშვით, განსაკუთრებით რაიონებში. იმართება დიდი თავყრილობები. ქორწილები იქნება, თუ ჭირის სუფრები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს. თუ რეკომენდაციების დავიცავთ, თბილ პერიოდში შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, ვითარება გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომ როგორმე ქვეყანაში მესამე ტალღის დაწყება თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.