ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ანაფილაქსიის კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევას გვერდითი მოქმედების კომიტეტი სწავლობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ადასტურებს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც „ასტრაზენეკას“ გამოყენების დროს ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტმა უნდა მიიღოს. გამყრელიძის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა განუვითარდა, თავს კარგად გრძნობს.
„პერსონალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, ვინ არის. ახალგაზრდა ადამიანია. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია იყო ერთ-ერთ საავადმყოფოში. ამ შემთხვევაში, კლინიკამ გაწერა ანაფილაქსიური შოკი. თუმცა, იყო თუ – არა იქ ანაფილაქსია, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტმა. გიდასტურებთ, იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. თავად ანაფილაქსია მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს მიეკუთვნება, თუმცა იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია. პირი ახლა კარგად არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.