ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ფაიზერზე“ მეორე დოზით აცრები დაწყებულია. დაიწყება ვაქცინაცია უკვე დიდ ჯგუფზე, ანუ დაახლოებით 170 000 ადამიანზე, ვინც მიიღო პირველი დოზა და აგვისტოს განმავლობაში, სექტემბრის პირველ რიცხვებამდე მათ ეს მეორე დოზა ექნებათ მისაღები. პარალელურად, ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დამატებით, აგვისტოში „ფაიზერის“ პირველ დოზაზე უნდა აიცრას დაახლოებით 110-120 ათასი ადამიანი, რომლის რესურსი, მხედველობაში მაქვს როგორც ვაქცინის, ისე ადგილების რესურსი, ქვეყანაში იქნება. დღევანდელი გამტარუნარიანობით, რაც გვაქვს დათვლილი, ის 354 ბრიგადა, რომლებიც 180-მდე დაწესებულებაში მუშაობენ, მათი გამტარუნარიანობა დღევანდელი რიცხვით არის დაახლოებით 25 000-ზე ოდნავ მეტი და აქედან „ფაიზერზე“ გამტარუნარიანობა არის სადღაც 16 000. ანუ ჩვენ შეგვიძლია, დღეში „ფაიზერით“ 16 000 აცრა გავაკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ოთხ დიდ ქალაქში არსებულ უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა. მისივე თქმით, აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში დღიურად 30 ათასამდე აცრა უნდა ჩატარდეს.
„ყოველდღიურად სერიოზული მუშაობა მიდის გაფართოებაზე. განსაკუთრებით აქტიურად ნახავთ სიახლეებს. კერძოდ, იგეგმება რამდენიმე დიდი სივრცის შექმნა განათლების სამინისტროსთან ერთად, იგივე დიდ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ოთხ დიდ ქალაქში, ასევე დაემატა ბრიგადები, რომ აგვისტოს განმავლობაში ჩვენ შევძლოთ 30 000-მდე აცრა. ამასთან, ვფიქრობთ ე.წ. აცრის მარათონის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება დაახლოებით ორდღიანი, შაბათ-კვირის მარათონი. შესაძლებელია, რომ ამისთვის მოვემზადოთ აგვისტოს ბოლოსთვის და სექტემბერში, როდესაც ერთდროულად დაახლოებით 40-50-60 ათასი ადამიანია. მთავარი ახლა იქნება იმ ღონისძიებებისა და შეზღუდვების დაცვა, რაც დღეს კიდევ უფრო გამკაცრდა და მეორე მხარე, ეს არის მაინც აცრები. ჩვენ თუ მოვახერხეთ, აგვისტოს ბოლოს მილიონ, მილიონ 100 ათას არა ადამიანზე, არამედ აცრაზე უნდა გავიდეთ ქვეყანაში სრულად და როგორც გითხარით, სექტემბრის ბოლოსთვის ამან უნდა აიწიოს მილიონ 800 ათასიდან ორ მილიონამდე. ვაქცინის მარაგი, როგორც გითხარით, ქვეყანაში საკმარისია.
„ფაიზერის“ დამატებითი დოზები ყოველ შაბათს შემოდის. გუშინწინაც შემოვიდა დამატებით 112 000 დოზა, რომელიც იქნება მუდმივრეჟიმში სექტემბრის შუა რიცხვებამდე. „ფაიზერის“ დაახლოებით 700 000 დოზა იქნება, რომელიც ნაყიდია. ნახევარი მილიონი, რაც მივიღეთ აშშ-ის დონაციით, ეს ერთია და დანარჩენი მილიონი, რაც ვიყიდეთ, 700 000-მდე უნდა შემოვიდეს 20 სექტემბრამდე. ეს სერიოზული რესურსია და ასევე, მოგეხსენებათ, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებთან მიმართებაში, შეიძლება ერთი დოზა იქნეს დაშვებული, მაგრამ ეს მხოლოდ შემოსულ ადამიანებზეა და არა ადგილზე მყოფებზე. ამიტომ, აცრები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც უნდა შეგვაკავებინოს ეს ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.