ამირან გამყრელიძე - აბიტურიენტებს „პისიარ“ კვლევა უფასოდ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ჩაუტარდებათ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტებს უფასოდ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ჩაუტარდებათ „პისიარ“ კვლევა.
როგორც ამირან გამყრელძემ განმარტა, თუ გამოცდამდე რამოდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, მან უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის ან ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმის რჩევით კი, აბიტურიენტი იქნება გამოკვლეული.
„მოგეხსენებათ, რომ „კოვიდის“ დიაგნოზი გარდა სიმპტომებისა საბოლოო დადასტურებული საერთაშორისო განსაზღვრებით და მათ შორის ჩვენთან მიღებული განსაზღვრებით, ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ლაბორატორიულად დასტურდება „კოვიდ-19“ მოლეკულური ტექნოლოგიით. რასაც ჩვენ „პისიარ“ ტექნოლოგიას ვეძახით. ანუ, თუ დასტურდება „კოვიდი“, აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდებზე. ამიტომ, თუ რამოდენიმე დღით ადრე გამოცდებამდე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის ან ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება ის შემდგომ გამოკვლეული. ასეთი ადამიანი იქნება რეფერირებული „პისიარ“ კვლევაზე და მას ჩაუტარდება. ვიცი, რომ დაისმება კითხვა, ამიტომ წინასწარ გეტყვით, რომ ჩვენ, სახელმწიფო და კერძო დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს უფასოდ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ჩაუტარებთ „პისიარ“ კვლევას. მათ ამისთვის არ ექნებათ არავითარი ვთქვათ ფინანსური ტვირთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.