650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს
650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 650-მდე ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, ჩაუტარდება განმეორებითი კვლევა და კვლევას სახელმწიფო დააფინანსებს.

„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მთავრობაზე დამტკიცდება და ამუშავდება პროგრამა, რომელიც შეეხება სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული 1 578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს. კერძოდ, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ტყვიის შემცველობა მომატებული აქვთ, ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევა და კვლევას დააფინანსებს სახელმწიფო. მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით საჭირო იქნება ჩარევა. ასევე ჩავატარებთ გარკვეულ მონიტორინგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს მათთვის, ვისაც ექიმის დანიშნულების მიხედვით შესაბამისი გამოკვლევები სჭირდება.

„19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ, ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებმა შეიმუშაონ გრძელვადიანი პროგრამა. 650 ბავშვზე და მათ ოჯახებზე შესწავლილი იქნება გარემოს სამინისტროს სინჯები შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად. ანუ აღებული იქნება წყლის, ნიადაგისა და საკვების ნიმუში. ნიმუშები გამოკვლეული იქნება, რათა გავიდეთ სისხლში რკინის მოხვედრის წყაროზე.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს წყარო, 80-90-იან წლებში, უმრავლეს ქვეყნებში ეს იყო ძირითადად ეთირილებული ბენზინი. მას შემდეგ, რაც დასავლეთში და მათ შორის ჩვენთან აიკრძალა ასეთი საწვავის მოხმარება, ამან სერიოზული შედეგები დადო. თუ 1998-1999 წლებში საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში იყო 14-15 მიკროგრამი. დღეს ამ კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში მედიანა არის 4 მკგ; თუ ავიღებთ მსოფლიო ჯანდაცვის მიერ დაწესებულ ნორმას – 5 მკგ-ს, მედიანათი მასზე ქვევით ვართ, მაგრამ მაინც არის 5-ს ზემოთ შემთხვევები. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ქმედებები ამ ორი პროგრამით იქნება გაწერილი და განხორციელებული.

ამასთან, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, დღეს ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, მაგრამ ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ არ გვქონდა დამადასტურებელი ფაქტები. მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის ნიადაგისა და წყლის. არ გამოვრიცხავ და გარკვეული მინიშნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყოს დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე, სადაც ტყვია ნიადაგშია, რომელიც ბენზინიდან ილექებოდა, წლობით რჩება, ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.