ამერიკული მედიის ინფორმაციით, რუსეთის გენშტაბმა ამერიკელ კოლეგებს საიდუმლო წინადადებით მიმართა
რუსეთის გენშტაბმა ამერიკელ კოლეგებს საიდუმლო წინადადებით მიმართა. როგორც ამერიკული მედია წერს, საქმე ეხება სირიაში კონფლიქტის დარეგულირებას.
კერძოდ, როგორც ირკვევა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ივლისის ბოლოს, დახურული საკონტაქტო არხების საშუალებით, აშშ-ის გენერალური შტაბების მეთაურ ჯოზეფ დანფორდს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სირიის აღდგენის წინადადება იყო გაწერილი.
ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ეს ცნობა დაადასტურეს.
გერასიმოვმა აშშ-ს სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სირიელი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საქმეში თანამშრომლობა შესთავაზა. კერძოდ, საუბარია სირიის იმ რაიონებზე, რომლებსაც ბაშარ ასადის რეჟიმი აკონტროლებს.
Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონში ამ წინადადებას „ცივად შეხვდნენ“. აშშ-ის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინადადებაზე დადებითი პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ სირიაში არჩევნები ჩატარდება, რომელსაც კონტროლს გაერო გაუწევს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ წერილში მხოლოდ ლტოლვილების გარკვეული ნაწილის დაბრუნებაზე იყო საუბარი. კონკრეტულად კი რუკბანის ლტოლვილთა ბანაკში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებზე.
ეს ბანაკი აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
რუსეთში ასევე სინანული გამოთქვეს,რომ აშშ-მა დაარღვია პირობა და საიდუმლო გზავნილის შინაარსი მედიისთვის გახდა ცნობილი.