ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ 15,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
ჯო ბაიდენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ 15,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სრული ფინანსური ანგარიში ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა.
პუბლიკაციაში განმარტებულია, რომ 2017 წელს ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ 11 მილიონი დოლარი, 2018 წელს კი 4,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რაც ძირითადად ანაზღაურებადი სიტყვით გამოსვლების და წიგნების გამოცემის შედეგად მიღებულ თანხას მოიცავს.
ჯო ბაიდენის წიგნი „დამპირდი მამა“ და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის ნამუშევარი „სადაც სინათლე აღწევს“, 2018 წელს გამოიცა. ამჟამად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მეორე წიგნზე მუშაობს. რაც შეეხება ანაზღაურებად გამოსვლებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი 49 სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენების ოჯახმა მთლიანი შემოსავლიდან ერთი მილიონი ქველმოქმედებაში დახარჯა.
როგორც უკვე ცნობილია, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან თეთრი სახლის ლიდერობისთვის იბრძოლებს.