ამერიკული მედიის ცნობით, კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სადაზვერვო მონაცემებით გახდა შესაძლებელი
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საფლაგმანო ხომალდზე, კრეისერ „მოსკოვზე“ თავდასხმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სადაზვერვო მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი.
ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანიები CNN და NBC, ასევე გამოცემები – Washington Post და New York Times რამდენიმე ანონიმურ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იტყობინებიან.
კონკრეტულად CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, რომლებმაც შავ ზღვაში რუსული ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობა შენიშნეს, კონტაქტი დაამყარეს ამერიკელ მოკავშირეებთან იმის დასადასტურებლად, რომ რეალურად ეს ხომალდი კრეისერი „მოსკოვი“ იყო. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდა უკრაინულ მხარეს ამ ხომალდის კონკრეტული ადგილმდებარეობის თაობაზე.
NBC-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ წინასწარ არ იცოდა, რომ უკრაინა „მოსკოვზე“ შეტევის განხორციელებას გეგმავდა. მათი ცნობებით, ზოგადად აშშ-ის „საზღვაო დაზვერვა“ უკრაინას უზიარებს ცნობებს, რათა დაეხმაროს მას რუსული გემების თავდასხმისგან თავის დაცვაში.
Washington Post-ის ცნობებით, შეერთებული შტატების სადაზვერვო ცნობების გარეშე, უკრაინულ მხარეს გაუჭირდებოდა კრეისერ „მოსკოვის“ სამიზნეში ამოღება და დაუდასტურებელი ინფორმაციის გარეშე ისედაც მწირი რაოდენობის მქონე „ნეპტუნის“ რაკეტის გასროლა.
New York Times-ის ინფორმაციით, ზოგადად ამერიკის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ცნობები მოიცავს რუსული ჯარების მოსალოდნელ გადაადგილებაზე ინფორმაციას რეალურ დროში.