ამერიკული მედია - ქალებს, რომლებიც აშშ-ში სამშობიაროდ ჩადიან, ვიზის მიღება გაურთულდებათ
ამერიკული მედიის ცნობით, ქალებს, რომლებიც აშშ-ში სამშობიაროდ ჩადიან, ვიზის მიღება გაურთულდებათ. ახალი წესები შესაძლოა, უკვე ამ კვირაში ამოქმედდეს.
როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, საქმე ეხება „ბი“ ტიპის ვიზას, რომელიც აშშ-ში მოკლევადიანი მოგზაურობისა და ტურისტული ვიზიტების დროს გაიცემა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თუ მიიჩნევენ, რომ ქალი აშშ-ში მხოლოდ იმის გამო მიემგზავრება, რომ მისმა შვილმა მოქალაქეობა მიიღოს, მათ ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ აშშ-ში გაჩენილი ბავშვების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, ამ ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად 33 ათასს აჭარბებს.
როგორც „ასოშიეითედ პრესი“ იუწყება, მშობიარობის მიზნით აშშ-ში ყველაზე ხშირად რუსი, ჩინელი და ნიგერიელი ქალები ჩადიან.
აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებით, აშშ-ში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე. აშშ-ის პრეზიდენტი ამ სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებას უჭერს მხარს.