ამერიკული მედია - ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, კაპიტოლიუმთან აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დემონსტრანტები მოგვიანებით შენობაში შევიდნენ, დაკავებულია რამდენიმე პირი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში, კაპიტოლიუმთან საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოგვიანებით შენობაში შევიდნენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედია წერს, რომ აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების გამო, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.

გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მედიის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაშია გადაღებული, ჩანს, რომ დემონსტრანტების ჯგუფი სკანდირებს და მოუწოდებს კონგრესს, მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა.

ჯგუფმა „ებრაულმა ხმამ მშვიდობისთვის“ განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

„ჩვენ ყველანი აქ ვართ, რათა მოვითხოვოთ, შეწყდეს პალესტინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა“, – წერს „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“ „ტვიტერზე“.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყო დაპატიმრებები, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნა, რომ კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია.