ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft-ი საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს - ბაიდენის აზრით, სწორად გაგებული სუვერენიტეტი არ გულისხმობს ამერიკის სურვილებისთვის წინააღმდეგობას
სექტემბრის დასაწყისში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა, ბაიდენის აზრით, სწორად გაგებული სუვერენიტეტი არ გულისხმობს ამერიკის სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკული გამოცემის, Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია დაგ ბენდოუ.
როგორც სტატიის ავტორი წერს, 16 წლის წინ რუსეთმა ხანმოკლე ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ. სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა, ბაიდენის აზრით, სწორად გაგებული სუვერენიტეტი არ გულისხმობს ამერიკის სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება არ არის არსებითად არადემოკრატიული, რომ აღარაფერი ვთქვათ „რუსულზე“, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს“.
სტატიის ავტორის თქმით, ახალი კანონი ჯგუფებს ავალდებულებს მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჟღავნებას, თუ დაფინანსება მათი ბიუჯეტის მეხუთედს ან მეტს შეადგენს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სტატისს ავტორი აღნიშნავს, რომ მოკავშირე მთავრობები აფინანსებენ ჯგუფებს კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და ეს ახალი არ არის. „აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ ბალკანეთში, გულმოდგინედ ემხრობიან ლიბერალურ პარტიებს. არის თუ არა ქართული კანონი ცუდად შემუშავებული? შესაძლოა, მაგრამ ბევრი არგუმენტი ამ კანონმდებლობის წინააღმდეგ ანგარებიანია“, – წერს ავტორი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საკანონმდებლო არასრულყოფილება ვერ ამართლებს დახმარების შეწყვეტას, სავიზო შეზღუდვებს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების შეჩერებას, როგორც ეს გააკეთეს აშშ-მა და ევროკავშირმა. „ასეთივე კრიტიკული მოსაზრება შეიძლება გამოითქვას ვაშინგტონში, ბრიუსელში არსებული უამრავი კანონის მიმართ. შეიძლება თუ არა კანონის ბოროტად გამოყენება როგორც აშშ-ში, ასევე რუსეთში? რა თქმა უნდა, შეიძლება“, – წერს სტატიის ავტორი.
ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ერების შიდა პოლიტიკის კარნახის მცდელობა.
„ვაშინგტონი პატივს სცემს სხვა მთავრობების დამოუკიდებლობას იმდენად, რამდენადაც ისინი მოქმედებენ ისე, როგორც ვაშინგტონს სურს. აშშ ყველაზე აქტიურად ერევა არჩევნებში მსოფლიოს მასშტაბით: კარნეგი-მელონის კვლევის თანახმად, აშშ სხვა ქვეყნების არჩევნებში 81-ჯერ ჩაერია 1945-2000 წლების პერიოდში. ოპოზიცია ჩივის, რომ ხელისუფლება შესაძლოა, დათმობებზე წავიდეს რუსეთთან, თუმცა თბილისის პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა. საქართველო რჩება თავისუფალი. რეალობასთან ადაპტაცია, როგორც ჩანს, მცირე ფასია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – წერს ავტორი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მოკავშირეების მოთხოვნისადმი დამორჩილება მოსკოვის შეკავების კუთხით, საქართველოს აიძულებდა, საფასური გადაეხადა, როგორც ეს მოხდა 2008 წლის ომში, როდესაც იგი უიმედოდ ელოდა ამერიკის მხარდაჭერას.