ამერიკულ მოტოციკლები, ვისკი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი ევროპაში შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს
ამერიკულ მოტოციკლები, ვისკი და სოფლის მეურნეობის პროდუქტი ევროპაში შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს

„ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო ომისთვის ემზადება“ – სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა პრეზიდენტს ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფის დასაწესებლად დოკუმენტი წარუდგინა. ევროკავშირმა საპასუხო ზომებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ გაზრდილი გადასახადი ევროპულ კომპანიებსაც დაეკისრება, ბრიუსელის დარტყმის ქვეშ სავარაუდოდ, ამერიკულ მოტოციკლები, ვისკი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები აღმოჩნდება – წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.

ამასთან გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ საპასუხო ზომები მიმართული იქნება ისეთი პროდუქციისკენ, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან და შესაბამისად ელექტორატთან.

საუბარია, „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლებზე, რომლის სათავო ოფისიც ვისკონსინის შტატში მდებარეობს. ამ შტატის კანდიდატი კი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანია.

ევროკომისიის სიაში ასევე ფიგურირებს ბურბონი, რომელიც ძირითადად ტენესისა და კენტუკის შტატებში იწარმოება, საიდანაც წარმოშობით, ტრამპის თანაგუნდელი, „რესპუბლიკური პარტიის“ უმრავლესობის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელია.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფის დაწესების შესახებ დოკუმენტი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა პრეზიდენტს 16 თებერვალს წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი პრეზიდენტს სამ სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს:

1. ფოლადის ყველა იმპორტიორი ქვეყნისთვის სულ მცირე 24%-ით გაიზარდოს გადასახადი;

2. 53%-იანი ტარიფი დაუწესდეს ფოლადის 12 უმსხვილესს იმპორტიორს. მათ შორის, ჩინეთს, რუსეთს, ბრაზილიას, კოსტა-რიკას, ეგვიპტეს, ინდოეთს, მალაიზიას, სამხრეთ კორეას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ტაილანდს, თურქეთსა და ვიეტნამს;

3. დაწესდეს 63%-იანი კვოტა ფოლადის ყველა იმპორტიორისთვის, რაც გულისხმობს, რომ მომდევნო წლებში, თითოეული ქვეყანა, 2017 წელს იმპორტირებული ფოლადის საერთო ოდენობის მხოლოდ 63%-ის შეტანას შეძლებს.

ასევე სამი შესაძლო ვარიანტი არსებობს ალუმინისთვის:

1. სულ მცირე, 7.7%-იანი ტარიფი დაეკისროს ყველა იმპორტიორს;

2. 23,6%-იანი ტარიფი დაუწესდეს ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან და ვიეტნამიდან შეტანილ პროდუქტს, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის დაწესდეს კვოტა, რომელიც არ გადააჭარბებს 2017 წელს აშშ-ში განხორციელებული ექსპორტის ოდენობას;

3. თითოეულ იმპორტიორ ქვეყანას, 2017 წლის საერთო საექსპორტო მაჩვენებლიდან, 86,7%-იანი კვოტა დაუწესდეს.

უილბურ როდი პრეზიდენტს მოუწოდებს, გადაწყვეტილება ფოლადთან დაკავშირებით 11 აპრილამდე, ალუმინზე კი 19 აპრილამდე მიიღოს.