ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინას ფინანსურ დახმარებას უწყვეტს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის ბიუროს რეპუტაცია შეელახა. ვაშინგტონი კი ასეთ ვითარებაში ფინანსურ დახმარებას არ გამოყოფს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს აღნიშნულ საქმეში „არაპროპორციული წილის“ შეტანა აღარ სურს.
გაერო-ს ახლოს აღმოსავლეთის ბიურო სირიაში, ლიბანში, ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების დახმარებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო ორგანიზაცია ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა. გაეროში განაცხადეს, რომ ახლოს აღმოსავლეთის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ის რეგიონში ჰუმანიტარული განვითარების ხელშეწყობისთვის თანხებს სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების და საგანგებო სიტუაციების სამსახურების შექმნისთვის ხარჯავს.
ჯერ კიდევ ოფიციალური ვაშინგტონის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე პალესტინის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი, ისრაელთან არსებულ ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წლის იანვარში ორგანიზაციას 125 მილიონის ნაცვლად 60 მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა. 65 მილიონიანი დანაკლისის გამო გაერო-ს 13 თანამშრომლისთვის ანაზღაურების გადახდის საკითხში სერიოზული პრობლემები შეექმნა. რის შემდეგაც საერთაშორისო ორგანიზაციამ სხვა დონორ სახელმწიფოებს ფინანსური დახმარების ნაადრევად ჩარიცხვა თხოვა.