„ამერიკის ხმა“ სენატორ ჯიმ რიშის მიერ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს შესახებ ინიცირებულ პროექტს ავრცელებს
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზნად საქართველოსთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, „საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ, მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არაა“.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ცვლილებების პროექტი მოიცავს შემდგომ რეკომენდაციებს საქართველოსთვის:
„1. აშშ-ის სენატი მიესალმება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მიერ ეკონომიკური რეფორმირების, მმართველობის და ანტიკორუფციულ საკითხებში მიღწეულ პროგრესს,
2. სენატი ხელახლა აცხადებს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილსინდისიერ მცდელობას ეს რეფორმები განახორციელოს;
3. მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესისთვის (განვითარების) საშუალების მიცემის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის;
4. ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) რეკომენდაციების მნიშვნელობას საარჩევნო რეფორმის საკითხზე, რაზეც 2020 წლის 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდა;
5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ისტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით;
6. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს ნდობა მის ერთგულებაში დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი.
7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დემოკრატიულ და სასამართლო პროცესებს გააძლიერებს, როგორც იდეურად ისე პრაქტიკულად და ამით, კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი;
8. აღიარებს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს, უზრუნველყონ, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში გაიმართოს და ჩატარდეს 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებული წესების თანახმად“.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ინიცირებული ცვლილებები კანონად მას შემდეგ იქცევა, რაც სენატი უმას გაიზიარებს და დაამტკიცებს.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ცვლილებებს დამტკიცებით სენატი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და შესწორებები არაა იურიდიულად სავალდებულო.