ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის ნაწილი რეგიონებში 100-მდე სკოლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება
ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 68 მილიონიანი დოლარის გრანტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყო, – ეს განცხადება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები-2018”- ის კონფერენციაზე გააკეთა.
მაღრაძის თქმით, თბილისის გარდა გამოყოფილი გრანტი რეგიონების 100-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაცია მოხმარდება.
“დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონფერენციაზე ფონდმა ისაუბრა 68 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტის ფარგლებში, რა სახის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს გეგმავს. 140 მილიონი დოლარის გრანტიდან 68 მილიონი დოლარი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისთვის დაიხარჯება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია თბილისის გარდა მთელ საქართველოს მოიცავს და ჯამში დაახლოებით 100 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზეა საუბარი,”- განაცხადა მაღრაძემ
მაგდა მაღრაძის თქმით, საჯარო სკოლების გარდა, აღნიშნული თანხა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4, 750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად დაიხარჯება.
“ეს როგორც საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას და აღჭურვას მოიცავს, ასევე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის აღჭურვას და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო აუდიტორიების, სამეცნიერო ლაბორატორიებისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის დაიხარჯება”, – განმარტა მაღრაძემ.