ამერიკელმა სენატორმა, ბობ მენენდესმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო
ამერიკელმა სენატორმა, ბობ მენენდესმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო, ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ბობ მენენდესს ბრალი ქრთამის აღებაზე წაუყენეს, თუმცა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და პირობა დადო, რომ კონგრესში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ შტატის გუბერნატორმა მას გადადგომისკენ მოუწოდა.
ამასთან, მენენდესმა დროებით დატოვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, რადგან სენატის დემოკრატიული წესები ავალდებულებს დანაშაულში ბრალდებულ ნებისმიერ წევრს, უარი თქვას ლიდერის თანამდებობაზე, თუმცა მათ შეუძლიათ, დაიბრუნონ ის, თუ ბრალდებული უდანაშაულო აღმოჩნდება.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ როდესაც ყველა ფაქტი იქნება წარმოდგენილი, მე არა მხოლოდ გამამართლებენ, არამედ ვიქნები ნიუ ჯერსის უფროსი სენატორი“, – განაცხადა მენენდესმა.
პროკურორები აცხადებენ, რომ მენენდესმა და მისმა მეუღლემ, ნადინმა, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან მიიღეს ოქრო, ფული და ძვირადღირებული მანქანა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მენენდესსა და მის მეუღლეს 45 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. მას ქრთამის აღებაში 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.