ამერიკელმა მწერალმა, მარიან უილიამსონმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენი საარჩევნო კამპანიის შეჩერების შესახებ განაცხადა
ამერიკელმა მწერალმა, მარიან უილიამსონმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენი საარჩევნო კამპანიის შეჩერების შესახებ განაცხადა.
„ძალიან ვაფასებ ყველა იმ შესანიშნავ ადამიანს, რომლებიც თან მახლდნენ პოლიტიკურ მოგზაურობაში ბოლო ათი თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარუმატებლობის დონე ყველასთვის აშკარაა, წარმატების დონე ასევე რეალურია“, – აღნიშნულია უილიამსონის განცხადებაში.
ამასთან, გავრცელებულ ვიდეოგანცხადებაში მან აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ნათელი შეეტანა ძალიან ბნელ დროში.
უილიამსონმა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დამარცხდა.
3 დეკემბერს სამხრეთ კაროლინაში გამართულ კენჭისყრაში ჯო ბაიდენმა ხმების 96,2 პროცენტი მიიღო, უილიამსონმა – 2.1%, კონგრესმენმა მინესოტადან დი ფილიპსმა – 1,7%. ამასთან, ბაიდენმა გაიმარჯვა ნევადის შტატში სამშაბათს გამართულ პრაიმერიზში. ამასთან, უილიამსონმა ვერ გაიმარჯვა ვერც გასულ თვეში ნიუ ჰემფშირში გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში, იმის მიუხედავად, რომ მოქმედი პრეზიდენტის სახელი ბიულეტენში არ იყო შეტანილი.
უილიამსონი დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში 2020 წელსაც იყრიდა კენჭს.
71 წლის მარიან უილიამსონს გამოქვეყნებული აქვს 11 წიგნი, რომელთაგან ოთხი გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბესტსელერად დაასახელა.