ამერიკელი სენატორების ჯგუფი რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგების კანონიერების შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
ამერიკელი სენატორების ჯგუფი რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგების კანონიერების შესწავლის მიზნით, კონგრესში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია სენატორ ტედ კრუზის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც სულ 11 სენატორი აწერს ხელს. განცხადების მიხედვით, კანონმდებლები რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგის გადახედვას ითხოვენ.
მათივე თქმით, ისინი არ აპირებენ 6 იანვარს კონგრესში დაგეგმილ კენჭისყრაზე ამ შტატებში საარჩევნო კოლეგიის მიერ სერტიფიცირებული შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებას, ვიდრე კონგრესი არ დანიშნავს სპეციალურ კომისიას და საარჩევნო დარღვევების ყველა ბრალდება არ იქნება გამოძიებული.
„ჩვენ 6 იანვარს ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საარჩევნო კოლეგიის ე.წ. მერყევი შტატების წარმომადგენელთა ხმების გაუქმებას, ვიდრე არ დასრულდება 10 დღიანი საგანგებო შემოწმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო კოლეგიის მიერ სერტიფიცირებული შემაჯამებელი ოქმები კონგრესის ორივე პალატაში 6 იანვარს უნდა დაამტკიცონ. შედეგების გასაჩივრება ნებისმიერ კონგრესმენს ან სენატორს შეუძლია. თუ ეს საჩივარი კონგრესის ორივე პალატამ არ დაამტკიცა, მაშინ საჩივარი ბათილად ჩაითვლება.
წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ჯო ბაიდენის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენონ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შედეგები გაყალბდა.