ამერიკელი სენატორები - საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს ორმხრივი ურთიერთობა, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს
ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, რაც ძირს უთხრის რეფორმის მცდელობებს, რომლებიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა თავისი განზრახვა, ცალმხრივად დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება. მმართველი პარტია მნიშვნელოვანწილად ვალდებულია, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოება და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.