ამერიკელი სამხედროები საზოგადოებას დაკარგულ ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ის პოვნაში დახმარებას სთხოვენ
ამერიკელი სამხედროები საზოგადოებას დაკარგულ ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ის პოვნაში დახმარებას სთხოვენ. როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმფრინავი 17 სექტემბერს სამხრეთ კაროლინის შტატში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც პილოტმა კატაპულტირება განახორციელა.
როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, მფრინავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამხედროები განმარტავენ, რომ „ეფ-35“-ს „საავიაციო ინციდენტი შეემთხვა“.
ამჟამად დაკარგულ ავიაგამანადგურებელს ქალაქ ჩარლსტონთან ახლოს მდებარე ორი ტბის მიმდებარედ ეძებენ.
„საზოგადოებას მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ სამხედროებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვიდრე სამძებრო ოპერაცია გრძელდება“, – ნათქვამია ჩარლსტონის სამხედრო ბაზის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ეფ-35“ ტიპის ავიაგამანდგურებლის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი დოლარია და ის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავად მიიჩნევა.