ამერიკელი ინვესტორი იიც ეფლბაუმი - საქართველოს ჰყავს საოცარი პრემიერ-მინისტრი, კონკრეტიკაზე ორიენტირებული რეალისტი
თქვენ გყავთ საოცარი პრემიერ-მინისტრი, კონკრეტიკაზე ორიენტირებული რეალისტი, – ამის შესახებ აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა, იიც ეფლბაუმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოში არსებობს ინვესტირების შესანიშნავი შესაძლებლობები და ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. თქვენ გყავთ საოცარი პრემიერ-მინისტრი, კონკრეტიკაზე ორიენტირებული რეალისტი. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით საუბრობენ გეგმებზე, აჟღერებენ იდეებს და ოცნებებს. თქვენმა პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ აკრიფა რამდენიმე ნომერი ტელეფონზე და ჩანიშნა შეხვედრები. ჩამოვედით 6-7 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ საქართველოსთვის. ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და წარმატებულ მეწარმეებს. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ თქვენს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა იიც ეფლბაუმმა.