ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვინის ცნობილი პროფესიონალი ერთ თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ტიპის მარნებსა და ღვინის საწარმოებს სტუმრობს. ლიზა გრანიკი ეწვია კახეთს, იმერეთს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, ქართლს, ასევე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე გაშენებულ ვენახს.
საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად, ლიზა გრანიკი შიდა ქართლს, კერძოდ ატენის ხეობასაც ესტუმრა, რამდენიმე საოჯახო მარანი დაათვალიერა და ადგილობრივ ღვინოები „თავკვერი“, „ატენური“, „ჩინური“, „გორული მწვანე“ დააგემოვნა.
ლიზა გრანიკის თქმით, იმისთვის, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი პოტენციალის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებამ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია ინგლისურენოვანი ნაშრომების მომზადება და წიგნებად გამოცემა.
„რამდენიმე წელია აქ ჩამოვდივარ, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებით ხშირად, რადგანაც მინდა დავწერო ცნობარის ტიპის წიგნი ქართულ ღვინოზე, რომელიც გეოლოგიური და ისტორიული საფუძვლებით ასახავს იმ მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ქართული ღვინის წარმომავლობას განასხვავებს. საქართველოს ისტორია არა ასწლეულებს, არამედ ათასწლეულებს მოიცავს გეოლოგიური ისტორიისა და კულტურის და ღვინის დაყენების ტრადიციების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან.
ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში (კომპანია„Tastingwork”), საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი განხორციელდა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.