ამერიკელი ჟურნალისტი კარაკასში ნიკოლას მადუროსთან ინტერვიუს დროს დააკავეს
ამერიკელი ჟურნალისტი ხორხე რამოსი კარაკასში პრეზიდენტის სასახლეში ნიკოლას მადუროსთან ინტერვიუს დროს დააკავეს. სამი საათის შემდეგ, რამოსი და მისი გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ტელეკომპანია „უნვიზიონზე“ დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანამშრომელიც ხორხე რამოსია.
რამოსი აშშ-ში ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი ტელეკომპანიის „უნივიზიონის“ წამყვანია. ის კარაკასში ნიკოლას მადუროსთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა. როგორც თავად რამოსი ყვება, ინტერვიუს დაწყებიდან მალევე მადუროს არ მოეწონა კითხვები ვენესუელაში დემოკრატიის არარსებობის, პოლიტპატიმრების წამების, ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. ჟურნალისტის თქმით, მადურომ ინტერვიუ შეწყვიტა და წავიდა, გადამღები ჯგუფის წევრები დააკავეს, გადაღებული მასალა კი ჩამოართვეს.
ჟურნალისტის ბრალდებები უარყო ვენესუელის კავშირის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა, რომლის თქმითაც რამოსმა ნიკოლას მადუროს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი მკვლელი და დიქტატორი უწოდა, რაც ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი გახდა.
ხორხე რამოსი აშშ-ში ცნობილია, როგორც მიგრანტების უფლებების დამცველი. 2015 წელს ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან სიტყვიერ კამათში ჩაება. რამოსი ხშირად აკრიტიკებს ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკას.