ამერიკელი ადვოკატი და ექიმი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება
ამერიკელი ადვოკატი და ექიმი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

როგორც ადვოკატმა კლინიკა „ვივა მედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც „ვივა მედის“ კლინიკაში, მის ოთახში პროკურატურის თანამშრომლები და მოსამართლეები იმყოფებოდნენ.

„დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში, მის ოთახში პროკურატურის თანამშრომლები და მოსამართლეები იმყოფებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ მან გონება რამდენჯერმე დაკარგა „ვივა მედის“ კლინიკაში ყოფნის დროს. მე პირადად ვესაუბრე „ვივა მედის“ კლინიკის ექიმს და მას შეუძლია დადასტურება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება დრამატული ტემპით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მისი სისხლის წნევა ძალიან მაღალია. მას აქვს სიცხე თითქმის ყოველდღიურად, რაც არის აუხსნელი. მას არ შეუძლია ჭამა, არა იმიტომ, რომ არ სურს ჭამა, არამედ საკვების მიუღებლობა აქვს. სულ უფრო ცუდად ხდება შესაბამისი ზრუნვის გარეშე. აქ არიან ჩვენი ექიმები, მსოფლიოში ცნობილი ექიმები. აქ არის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ექიმი კობი, რომელიც მოთმინებით ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის ნახვას, რომ შეაფასოს მისი მდგომარეობა. ამის ნებას არ აძლევენ. რაც არ უნდა მოხდეს, ის ნახავს მას“, – განაცხადა მასიმო დანჯელომ.

​ამასთან, როგორც ამერიკელმა ექიმმა, შახინ ლახანმა აღნიშნა, სააკაშვილისთვის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა პროგრესირებადი გაუარესება.

„ჩვენ ჩავატარეთ სრული ფიზიკური გამოკვლევა, მათ შორის – ნეიროლოგიური კვლევა, ტვინის შესწავლა, ხერხემლის ნერვების, კუნთოვანი სისტემის. ყველაფერმა აჩვენა, რომ არის პროგრესირებადი გაუარესება და აქვს პრობლემები, რომელიც ვითარდება სწრაფად. მიმდინარეობს კვლევა, რომ დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ეს გულისხმობს ლაბორატორიულ ტესტებს, ტვინის ფუნქციურ შემოწმებას, ელექტრო-ფიზიოლოგიურ შემოწმებას“, – განაცხადა ექიმმა, შახინ ლახანმა.

კლინიკა „ვივა მედთან“ იმყოფებოდა ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი. მისი თქმით, ელოდება, რომ ხვალ დილით შეძლებს პაციენტის მონახულებას.

„შაბათს ჩამოვედი და ველოდები პაციენტის შემოწმებას. ამ დრომდე აქ ვარ და არ მომეცა ამის შესაძლებლობა. მე არ შემიძლია, მკაფიო რეკომენდაციები გავცე პაციენტის ნახვის და მასთან გასაუბრების გარეშე. წარვადგინე ყველა დოკუმენტი ერთი კვირის წინ და ველოდები დადასტურებას. ვარ მოქმედი ექიმი, ჩამიტარებია ბევრი ქირურგიული ოპერაცია. ვიმედოვნებ, რომ ხვალ დილით შევძლებ პაციენტის მონახულებას“, – განაცხადა ჯეიმს კობიმ.