ამერიკელ პენსიონერს, სტეფან ჰაბარდს, რომელსაც უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაში ედება ბრალი, მოსკოვში 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიესაჯა
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკელ პენსიონერს, სტეფან ჰაბარდს ექვსი წლითა და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას „შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლად მონაწილეობაში“ დასდეს ბრალი.
პროკურატურა ჰაბარდისთვის შვიდწლიან პატიმრობას ითხოვდა. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დაქირავებული მებრძოლობის შესახებ აღკვეთას 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სტეფან ჰაბარდის სისხლის სამართლის საქმის განხილვა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სასამართლო პროცესის დაწყებამდე არც რუსული და არც ამერიკული მედია ჰაბარდის შესახებ არ წერდა. ასევე არ არის ცნობილი, როდის დააკავეს ამერიკელი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „RIA Novosti“-ის ცნობით, სტეფან ჰაბარდი დაიბადა მიჩიგანში და არის აშშ-ს მოქალაქე. ის 2014 წელს უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და ცხოვრობდა ქალთან, „რომელსაც ცოლს უწოდებდა, მოგვიანებით კი მან მიატოვა“. სხვადასხვა მონაცემებით, ჰაბარდი 72 ან 73 წლისაა.