ამერიკელ კონგრესმენს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, ჯორჯ სანტოსს ბრალი წაუყენეს ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში
ამერიკელ კონგრესმენს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, ჯორჯ სანტოსს ბრალი წაუყენეს ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში

ამერიკელ კონგრესმენს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, ჯორჯ სანტოსს ბრალი წაუყენეს ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ასევე ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში არსებითად ცრუ განცხადებების გაკეთებაში. კონგრესმენი ლონგ აილენდის ფედერალურ სასამართლოში მართლმსაჯულებას ჩაბარდა.

34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის კონგრესში ნიუ იორკს წარმოადგენს.

კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ მალევე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას ედავებიან განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ტყუილს, ასევე კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას. პროკურატურის ცნობით, მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა, მათ შორის ძვირადღირებულ ტანსაცმელზე. მას ასევე ადანაშაულებენ ცხოველთა დამცველი ყალბი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნაში, რომლის თანხებიც მან თითქოს მიითვისა.

თავად სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე „შეალამაზა“, თუმცა სერიოზულ დანაშაულს, მათ შორის თანხების მითვისებას უარყოფს.