ალუდა ღუდუშაური - ვეცდებით, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ აშშ-ის საელჩოს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე მათი მხრიდან მომდინარე ყველა კითხვა და წუხილი გავაქარწყლოთ
ვეცდებით, კიდევ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და შევეცდებით, რომ ყველა წუხილი, თუ კითხვა გავაქარწყლოთ, რომელიც მათი მხრიდან მომდინარეობს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
„რაც შეეხება თვითონ ამ კანონებს, რომელიც დღეს მივიღეთ, თუ რაიმე წუხილი არსებობდა, ეს მხარეებს უნდა გამოეთქვათ პირველ რიგში და ჩვენ საზოგადოებას. ვხედავდით, რომ სხდომათა დარბაზი იყო ცარიელი აბსოლუტურად. ასევე კომიტეტებზე ვერ ვიხილეთ მათი კრიტიკული პოზიცია, მათი შენიშვნები. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ თითქოს იმას, რომ ვინმეს ჩართულობა დააკლდა, ეს ასე არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ჩართული ყოფილიყო და სიღრმისეული, ასე ვთქვათ ანალიზი, ან გნებავთ პოლემიკა გამართულიყო. ამაზე ჩვენდა სამწუხაროდ კვლავ უარი განაცხადა ოპოზიციამ“,- აღნიშნა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში ჩართული იყო სახალხო დამცველი და საკომიტეტო მოსმენას მისი წარმომადგენელი ესწრებოდა.
„რეალურად მოხდა, რომ აღნიშნული კანონებით ერთის მხრივ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, რომელიც სავალდებულო იყო, ხოლო მეორე, ცვლილება, რომელიც ასევე დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, გამომდინარეობდა არსებული რეალობიდან. გვევალებოდა, პარლამენტს დაგვეცვა ბუნებრივია ჩვენი საზოგადოება იმ ხულიგნური ქცევებისა, თუ შესაძლო მომდინარე საფრთხეებისგან, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს. ვალდებული ვართ, როგორც საკანონმდებლო ორგანო, რომ დავიცვათ ბალანსი და ვექტორი გადავხაროთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაზე დაცვისკენ.
ამდენად, ყოველგვარი ისრების გადმოტანის მცდელობა, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ რაიმე ძალისხმევა დავაკელით, რომ ჩართული ყოფილიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა, ეს არის სრულიად აბსურდი“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“.