ალუდა ღუდუშაური - სამწუხაროა, რომ ლევან სამუშიას და „ლელოს“ წარმომადგენელს შოუმენების როლი ერგოთ
როგორც ჩანს, კონკრეტული პირები მოსულები იყვნენ შოუს მოსაწყობად. სამწუხაროა, რომ ლევან სამუშიას და „ლელოს“ წარმომადგენელს ის როლი ერგოთ, რომ შოუმენების ამპლუაში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კანონპროექტის წაკითხვა და სწორად გააზრება არ სურთ.
„ლევან სამუშაოს ვუწოდე – ოროსანი იურისტი, მაგრამ მან მიპასუხა, რომ არის ხუთისანი იურისტი. ეს ადამიანები მოსულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად, შოუს დასადგმელად. როცა არ გინდა მოისმინო და წაიკითხო კანონპროექტი, ან წაკითხულის სწორად გადმოცემის სურვილი არ გაქვს, ეს არის ოროსნობა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან სამუშიასა და უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა.
ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტის მიღებით ცდილობს საკუთარი თავის ამნისტიას. მის ამ განცხადებას ალუდა ღუდუშაურმა უწოდა ოროსანის გამოსვლა. რასაც უკვე მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ამ ინციდენტის გამო კომიტეტის სხდომაზე ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
კომიტეტის სხდომა უკვე განახლდა.