ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი ვერ ბედავს, სააკაშვილს დაარქვას შესაბამისი სახელი, ამით ნათელია, რომ ცდილობს, როგორღაც წაეშველოს „ნაციონალურ მოძრაობას“
სალომე ზურაბიშვილი გუშინ იყო ტრიბუნასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის უხარისხო პროპაგანდისტი წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოერიდა კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით ისეთი ტერმინების გამოყენებას, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს გამოყენებული.
„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მე პარტიას თუ რაღაცას არ წარმოვადგენო და მე ვარ რაღაც ევროპული კოალიციის ლიდერიო. იმ ერთობის ბედი არის იმ წუთას დამთავრებული, სადაც სალომე ზურაბიშვილი იქნება ლიდერად. მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა მას ერთი რამ: ქართველი ხალხი და პირადად მე, როგორც ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი, მოვითხოვ მისგან, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს გუშინდელი მისი გამოსვლისთვის, რომ თურმე ეს ყოფილა „პიჯაკების საქმე“. მიმდინარე საქმეზე არის საუბარი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი, დე ფაქტო პრეზიდენტი აფასებს მიმდინარე საქმეს და, პრაქტიკულად, სასამართლოს ეუბნება, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისი შეფასება ამ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით გავიგეთ, მისი თქმით, არაფრად არ დაგიდევთ იმას, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ათობით მილიონი ლარი იქნა გაფლანგული და ამ მიმდინარე საქმეს აძლევს ამდაგვარ შეფასებას. ეს პირდაპირ არის სასამართლოზე წნეხი და მითითება იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სასამართლომ, რადგან ის თვლის, რომ ამით არაფერი არ მომხდარა. „რაღაც პიჯაკების საქმეო“, – ასე ამბობს და ასეთ შეფასებას აკეთებს. ამიტომ სწორედაც ის უნდა გამობრძანდეს, ან ბოდიში მოიხადოს, ან თქვას, რომ დიახ, ის პირდაპირ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში ჩართული. სალომე ზურაბიშვილი გუშინ იყო ტრიბუნასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის უხარისხო პროპაგანდისტი წარმოდგენილი. როგორ მოერიდა კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით გამოეყენებინა ისეთი ტერმინები, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს გამოყენებული და მასთან მიმართებით მთლიანად მსოფლიო ცივილიზაცია შეთანხმებული არის, რომ სააკაშვილი არის, დიახაც, დამნაშავე და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ ბედავს, რომ სააკაშვილს დაარქვას შესაბამისი სახელი.
„ამის ფონზე, როდესაც ის ვერ ბედავს, რომ სააკაშვილს დაარქვას შესაბამისი სახელი და რაღაცები იბოდიალა, ამით პირდაპირ ნათელი არის, ის ცდილობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორღაც მიეხმაროს, წაეშველოს. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ალბათ იკითხავდა, რამდენად მოეწონათ მის დამრიგებლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ავანგარდში მყოფ რეჟიმის შემქმნელებს მისი გამოსვლა, მისი შეფასებები. მაგრამ, მეორე არის – მან უნდა ჰკითხოს ქართველ ხალხს, რამდენად მოეწონათ ეს და რამდენად ადეკვატურად ხდება მისი შეფასებები. დიახ, ეს ნამდვილად ადეკვატურად იქნება შეფასებული 26 ოქტომბერს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სალომე ზურაბიშვილიც პოლიტიკურ სანაგვეზე იქნება ნამდვილად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.