ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ახალგაზრდებს ფარად იყენებენ
ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ახალგაზრდებს ფარად იყენებენ

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მით უმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს პიროვნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, სინამდვილეში ამ ახალგაზრდებს ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

მისივე თქმით, ხელმოცარულ, რადიკალ პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ესმით, რომ ასეთი რამ ვერ გაუვათ სახელმწიფოსთან.

„რაც შეეხება ამ ვაიპოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნისა და იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ რამეს აკეთებენ, სინამდვილეში კი მათ ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ისტორია არ იცნობს. იქ იდგნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძმები, დები, მაგრამ მათ აზრადაც არ მოსვლიათ, ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინათ. ამაზრზენია, ვინც ასეთი ქმედებებისთვის ამ ადამიანებს გამოიყენებს, მე მინდა, ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენს საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. კანონზე მაღლა არავინ დგას. ისეთი სახის ქმედება, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, „მოლოტივს კოქტეილებს“ ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ასეთ შემთხვევაში კანონი იქნება შეუვალი,“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.