ალუდა ღუდუშაური - პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებით დიდი დარტყმა მიაყენა საკუთარ იმიჯსა და ღირსებას
ვფიქრობ, ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით გამოხატა, პირველ რიგში, დიდ დარტყმას აყენებს საკუთარ იმიჯს და ღირსებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველები და ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, საზოგადოებას აქვს სრული და ლეგიტიმური უფლება იმის, რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეფასებაც, ვფიქრობ, უნდა იყოს ანალოგიური, რასაც თავის შეფასებებში პრეზიდენტის მისამართით იყენებდა გვარამია. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც, შეიძლება, არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენიებინა ზურაბიშვილი. როდესაც ადამიანს უწოდებ „რეზიდენტს“, ვფიქრობ, დადასტურებულად უკვე შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითიც ამკობდა გვარამია. პროცესს რაც შეეხება, ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის არაერთი გაუგებარი გადაწყვეტილება ახსოვს.
„ქალბატონი პრეზიდენტის არაერთი გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ახსოვს ბოლო პერიოდში ქართველ ხალხს, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ამით არაფერი ეშველება იმას, რომ ბატონი გვარამია არის კრიმინალი და მას აქვს ეს დანაშაული დადასტურებული სამი ინსტანციის მიერ. ეს არის ფაქტი. თუ რა დანაშაულზეა, ეს წერია სასამართლოს გადაწყვეტილებებში. სასამართლო იყო ღია და ყველას შეეძლო, თვალი ედევნებინა პროცესისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ადევნებდით თვალს. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს იყო გახსნილი და ღია, ხოლო იმ ხელისუფლების დროს, როდესაც ბატონო გვარამია იყო ხელისუფლებაში, სასამართლოს კარი იყო დახშული და არათუ რომელიმე არხის კამერა ვერ იქნებოდა იქ, არამედ პროკურორებსა და ადვოკატებს ტელეფონებს ატოვებინებდნენ და ეკრძალებოდათ პროცესზე შეტანა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.