ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელიას მიზანი თუ არის, მიეცეს თვითგვემას, იყოს ციხეში და იქ განათლება გაიღრმავოს, ამაში ვერ შევზღუდავთ
პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა. მას შესაძლებლობა აქვს, გირაო გადაიხადოს და მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმები და იქედნური საუბარი ისმის, რაც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას.
„მათი მიზანია, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე არიონ ვითარება და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ერთ შანსსაც არ ტოვებენ, რომ ეს მდგომარეობა არ გამოიყენონ. რაც შეეხება იმას, რომ ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნა? – თუ მისი მიზანია, მიეცეს თვითგვემას, იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.