ალუდა ღუდუშაური - ნორვეგიულ ოპოზიციურ პარტიაში სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არცთუ ისე კარგად ასრულებს
ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის ჯილდო არის იმ ადამიანების უმძიმესი შეურაცხყოფა, ვინც სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, უნდა, სჯეროდეს, რომ ნორვეგიულ ოპოზიციურ პარტიას საქართველოს მასხრად აგდება არ ჰქონდა ჩანაფიქრად და ჯილდოთი სააკაშვილი გააშარჟა.
„თავად სააკაშვილს იგდებენ მასხრად, მისთვის ჯილდო უნდა მიეცათ ბადროს ტყორცნაში ან იმ სამსახიობო როლისთვის, რომელსაც ახლა არცთუ ისე კარგად ასრულებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა სასამართლო ჩართვებია და მისი მხრიდან ამ როლის მდარე ხარისხის შესრულებაა, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. შეუძლიათ, ჯილდო სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში მიანიჭონ, მაგრამ ის, რომ სააკაშვილს ჯილდო დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცე, ან სააკაშვილს იგდებ მასხრად, ან საქართველოსა და ქართველ ხალხს. მინდა, მჯეროდეს, რომ თუნდაც ამ ოპოზიციურ პარტიას გათვიცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მასხრად აგდება არ ჰქონდათ ჩანაფიქრად და ჯილდოთი სააკაშვილი გააშარჟეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 25 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.