ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“ - სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, დაბრუნდეთ ხელისუფლებაში, ატეროროთ ეკლესია, ბიზნესი, საზოგადოება
ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“ - სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, დაბრუნდეთ ხელისუფლებაში, ატეროროთ ეკლესია, ბიზნესი, საზოგადოება

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით განმსჭვალული. აქ კანტიკუნტად ლაპარაკობდნენ ადამიანები შეწყალებაზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, თუ რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლედან რამდენიმე გზავნილზე ისაუბრა.

„ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, ყველაფერ იმაზე, რასაც ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, აკეთებთ ერთადერთ რამეს, რის გამოც გეძახით რადიკალებს. ქვეყანაში სიტუაცია როგორც კი მოგცემთ საფუძველს და საშუალებას, რომ თავი გამოამჟღავნოთ, გამოვარდებით და კადრულობთ ყველაფერს. თქვენ ხართ ის, ვინც არაფერს აკეთებს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ აკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეპისტოლეში არის დეპოლარიზაციაზე საუბარი და გამოდიხართ კოლექტიური ქურქუმალები და საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რა უფლებით საუბრობთ ამაზე?! ერთი თქვენი გაკეთებული საქმე გვაჩვენეთ – წამოდექით რომელიმე და თქვით, რომ, აი, ეს გავაკეთეთ. მაგრამ აკეთებთ განცხადებებს ღიად, რომ ქართული სახელმწიფო არ იმსახურებს ამას იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. თქვენთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა აღიქმება პოლიტიკურ კრახად. აი, ეს არის მთავარი წყალგამყოფი, რომ თქვენ ქართველ ხალხთან არასდროს დგახართ და ქართველ ხალხს განიხილავთ მხოლოდ საშუალებად ბიზნესის ტერორის, შევიწროების, ჩაგვრის, აბუჩად აგდების“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ მისცემს საშუალებას, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

„რაც არ უნდა გააკეთოთ, სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და ატეროროთ ეკლესიიდან დაწყებული ბიზნესი და ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.