ალუდა ღუდუშაური - მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია ღიად არიან ჩართული პოლიტიკაში, რა რჩევა უნდა მისცეს მშვილდაძემ? ჭყონიამ წინანდალში ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა
ალუდა ღუდუშაური - მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია ღიად არიან ჩართული პოლიტიკაში, რა რჩევა უნდა მისცეს მშვილდაძემ? ჭყონიამ წინანდალში ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა

ვხედავთ, გიორგი გახარიას გუნდის თანამშრომლობა როგორ ახალ ფაზაში გადადის „ნაცმოძრაობასთან“. კონკრეტული ფაქტებია, როგორ „წარმატებით“ ითანამშრომლეს. ის, რაც აქამდე არცთუ ისე ნათელი იყო, ამ ყველაფერს უკვე ფარდა აეხადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ღუდუშაურის თქმით, დესტრუქციული ძალები ერთმანეთს რაც უფრო მალე შეერწყმებიან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის, რადგან ამომრჩეველს გაუადვილდება სიცხადის დანახვა.

„ვიხილეთ ადამიანები, ვინც ისედაც თანამოაზრეები არიან – ეს არიან ერთი დიდი პარტიის ქვეშ გაერთიანებული, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქმევა, მიშას პარტია, თუ რაიმე სხვა სახელი, ფაქტია, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ შეეცდებიან, ერთმანეთისგან დისტანცირება მოახდინონ, მაშინ რატომ ვერ მოვისმინეთ კრიტიკული პოზიცია იმაზე, როცა „ნაცმოძრაობა“ რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავდა? გახარიას პარტიას ისინი არასოდეს გაუკრიტიკებია, პირიქით. ეს ხალხი არის ერთი დიდი პარტია, რომელსაც თავიანთი როლები აქვს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიშა მშვილდაძის რჩევა-დარიგებები. მათ როლები აქვთ განაწილებული – ზოგი ყავას სვამდა, ზოგი გაერთო, ზოგი ისე იყო. ფაქტია, ამ ყველაფრით ქართველი ხალხი ვერ იხეირებს, რადგან იქ საქართველოს წინსვლაზე საუბარი ვერ იქნებოდა. ასევე არ იქნებოდა საუბარი დეპოლარიზაციაზე.

თქვენ ვინც ვერ დაინახეთ, მათ უკან დგანან კეზერაშვილები და სხვები, თუმცა მათ უნარი არ აქვთ, ჩვენს ქვეყანას რაიმე გაუკეთონ. ვერ დაგეთანხმებით, რომ მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია არ არიან პოლიტიკოსები. თუ ზუსტ დეფინიციას მივყვებით, ეს შეიძლება, სადავო იყოს, მაგრამ რასაც აკეთებენ, ღიად და პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული. კლასიკური გაგებით თუ პოლიტიკოსები არ არიან, ამაში დიდი სხვაობა არ არის. რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ? მისი პოზიციები ცნობილია. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაუტანა და ეს ადამიანები გააგრილა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.