ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამ ყველაფრით ქართული საზოგადოება დაიღალა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველანაირი მცდელობა, საქართველოში არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, ფუჭად ჩავლილი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობა“ ამ მიზნისთვის დროსა და ენერგიას ფუჭად ხარჯავს.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის წინაშე დამორჩილება და ქედის მოდრეკა ყველას მოუწევს. მსჯავრდებულ სააკაშვილს უნდა უთხრან, რომ ყველანაირი საკვების მიღება გააგრძელოს და კანონმდებლობას დაემორჩილოს, რაც მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ, ნებისმიერი მიკერძოებული პირის მიერ, „ემპათია“ იქნება თუ „ემპათია პლიუსი“, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა, შესაბამისად, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც აქვს მისჯილი. ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა. საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, რადგან ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ციხეებში დატრიალებული „ბართლომეს ღამეები“ და როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს. მიხეილ სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამ ყველაფრით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ღუდუშაურმა.