ალუდა ღუდუშაური - მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება, „ლელოც“ გააქტიურდება და გახარიასაც გაააქტიურებენ, სინამდვილეში, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის მიყვანა და პარტიიდან ნიკა მელიას ასე დამამცირებლად გაგდება ერთი დიდი სცენარის ნაწილია. რა თქმა უნდა, იქ როლებია განაწილებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, მელიასა და მის მოკავშირეებს დამაკნინებელი როლი ერგოთ.
„ერთ-ერთი ასეთი დამაკნინებელი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება ქვეყნისთვის უპატივცემულო და უმადური პრეზიდენტი. მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება. „ლელოც“ გააქტიურდება და გახარიასაც გაააქტიურებენ. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გახარია და მისი გუნდი მშვენივრად თანამშრომლობენ. მელიას გააქტიურების სცენარის ავტორთა მიზანია, მელიასაც და „ლელოსაც“ ბარიერი გადაალახვინონ. სინამდვილეში, არც იდეოლოგიური, არც მსოფლმხედველობითი, არც მორალური სხვაობა მათ შორის არაა, ერთ ფესვზე დამყნობილი პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა მოტივი, მიზანია, ხელში ჩაიგდონ ამ ქვეყნის მართვის სადავეები, რაც უნიჭო მცდელობაა. „ნაცმოძრაობამ“ ქართველ ხალხთან პირწმინდად წააგო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.