ალუდა ღუდუშაური - მელიას და სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის, რა დღის წესრიგი ექნება პრაგმატულ ოპოზიციას, სააკაშვილის მიზანია, მიღწეული შეთანხმება ჩაიშალოს
ალუდა ღუდუშაური - მელიას და სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის, რა დღის წესრიგი ექნება პრაგმატულ ოპოზიციას, სააკაშვილის მიზანია, მიღწეული შეთანხმება ჩაიშალოს

როგორც ჩანს, ბატონ მელიას არ აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც აუცილებელია ოპოზიციის ერთ-ერთი მძლავრი პარტიის თავმჯდომარისთვის. საცირკო წარმოდგენას, ბავშვურ ახირებებს ემსგავსება მისი ქმედებები, რომელიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო აახლოვებს კომიკურ პერსონაჟთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს.

„რას ნიშნავს ერთ დღეს ერთ განცხადებას ავრცელებს, ხოლო მეორე დღეს მეორე განცხადებას. როგორც საუბარი არის და იყო ჩვენი დასავლელი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაუხდიდნენ გირაოს, ექნებოდა შესაძლებლობა დაეტოვებინა საპყრობილე, ამაზე ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მისი მხრიდან როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო. დღეს ვხედავთ, რომ ამნისტიასთან მიმართებაში აქვს იგივე დამოკიდებულება. ვერც სახელმწიფო, ვერც ჩვენი საზოგადოება და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო ბატონი შარლ მიშელის მიერ ზედმიწევნით უნდა იქნას შესრულებული და ნამდვილად შესრულდება კიდეც“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეს.

„სამწუხაროდ, ბატონი მელია ადამიანურად არის შესაბრალებელ მდგომარეობაში, როდესაც ის ვერ აღწევს თავს ბატონი სააკაშვილის პირად ტყვეობას. აქედან გამომდინარე მისი ქმედებები ყოველდღე უფრო და უფრო ემსგავსება საცირკო პერსონაჟის მოქმედებებს, ამიტომ მისი ეს განცხადება მორიგ ჯერზე არის მცდელობა იმისა, რომ როგორმე ჯერ არ ყოფილიყო შეთანხმება მიღწეული, ხოლო ახლა უკვე მიღწეული შეთანხმება როგორმე ჩაიშალოს. ვისურვებდი, რომ ბატონმა მელიამ თავი დაანებოს ბავშვურ თამაშობებს და სერიოზულად მოეკიდოს იმ როლსა და ფუნქციებს რომელსაც აკისრებს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობა. არ და ვერ უნდა შეექმნას და არც შეექმნება საფრთხე ამ დოკუმენტის შესრულებას. ბატონი მელიას და ბატონი სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის, რა დღის წესრიგი ექნება იმ პრაგმატულ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. აქედან გამომდინარე, ბატონმა მელიამ დაანებოს თავი ბულინგს. სააკაშვილის დღის წესრიგი არის, რომ ნებისმიერ ფასად მიღწეული შეთანხმება ჩაიშალოს, მათი დღის წესრიგი არის დესტრუქციული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.