ალუდა ღუდუშაური - ხაზარაძე იქნება, თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, როცა საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე და სიტყვას არ ახსენებს წარსულზე, ჩვენ შევახსენეთ
ხაზარაძე იქნება, თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, როცა საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე და სიტყვას არ ახსენებს წარსულზე, ჩვენ შევახსენეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნურავის ექნება განცდა, რომ ვიღაცას რაღაცას დააბრალებს და ამაზე პასუხს არ აგებს.
„ოპოზიცია საუბრობს სიძულვილის ენაზე და პირდაპირ პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც პარტიული ტელევიზიებია. არა მარტო ჩვენ, დეპუტატებს და მთავრობის წარმომადგენლებს, არამედ ჩვენს ოჯახის წევრებსაც ეხებიან, მათ შორის შვილებს არ ინდობენ. ეს ადამიანები უკვე საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერმა პირმა შეიძლება, ისაუბროს. ხაზარაძე იქნება, თუ ნებისმიერი ოპოზიციონერი, როდესაც საუბრობს, თითქოს ჩვენს რაღაც გაუგებარ ქმედებაზე, ამ დროს, გვერდით უსხედან ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ჩართულები ან პირდაპირ კავშირში იმ რეჟიმთან, ისრებს აქეთ, ჩვენი მისამართით ისროდნენ და სიტყვას არ ახსენებდნენ წარსულთან დაკავშირებით, ჩვენ ეს შევახსენეთ და ეს ასე იქნება.
ნურავის ნუ ექნება განცდა, რომ ვიღაცას რაღაცას დააბრალებს და ამაზე პასუხს არ აგებს. ყველას უნდა შევახსენოთ, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ კარგად იცის, იმ დროს, როდესაც „ნაცინალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სადაც ნახევარი საქართველო დაპატიმრებული იყო, მეორე ნახევარი საქართველო დაკავებული იყო იმის მცდელობით, რომ ეს ნახევარი საქართველო ტყვეობიდან გამოეხსნათ, საკუთარი შვილები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და დებდნენ ქონებას. ამ დროს არავინ ეკითხებოდა არც სესხის მიზნობრიობას და არც არაფერს. ეს იყო სისტემა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელიც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე.
მან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა, თავის თავში ეპოვათ ძალა და სესიაზევე დაედასტურებინათ მსგავსი ფაქტები.
უმრავლესობის წევრის განცხადებას მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან ალუდა ღუდუშაურს „უტიფარი“ უწოდა.