ალუდა ღუდუშაური - ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასდროს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში, შეგაკლავთ თავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს მობრუნდება ხელისუფლებაში.
როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც აკეთა ქვეყანაში რუსეთის საქმე.
„საქართველოს გაუმარჯოს, ღირსეულად ევროპაში. არა „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის რუსებიანად! ეს ის ხალხია, რომელმაც აკეთა რუსეთის საქმე და დღესაც ამას აკეთებენ. აქ სხედან ადამიანები, ვისაც ოფიციალურად, დეკლალირებულად აქვს ხელი მოწერილი ამ ქვეყნის ღალატზე, ვისაც დაბრალებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამაყი სამხედროებისთვის აგრესიული ომის წარმოება; აქ სხედან ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ არა იმას, რომ ჩვენი იდენტობა დაცული ყოფილიყო, არამედ იმას, რომ მათი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, დიახ, რუსული ინვესტიციაო და თურმე ფულს სუნი არ აქვს; აქ სხედან ადამიანები, რომელთა იდეოლოგია პირდაპირ არის ძალადობა და ფაშიზმი; აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ვითხოვთ თანასწორთა შორის თანასწორად ყოფნას, ჩვენი ამაყი გზით. ძალიან მარტივია, ვთხოვ ჩვენს მართლაც ღირსეულ, ამაყ ქართველ ხალხს, შეაფასონ არა აგენტების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს არა რუსეთს, ამ დროს თავფეხიანად რუსეთის საქმე აქვთ ნაკეთები, არამედ ის, რეალურად რა გავაკეთეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი განმარტებით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გადაიდგა ნაბიჯები ევროპის მიმართულებით.
„მეგობრებო, ძალადობა რომ დაუშვებელია, ამაზე ვლაპარაკობთ? ჩვენი კოლეგის მცირეწლოვან შვილზე მესიჯებს რომ აგზავნით და ერთი არ დაგიგმიათ, რა გგონიათ, ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გამოეპარება, ვინმეს ღირსებას მატებს თუ როგორ გგონიათ? სწორად თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ მოძალადესაც არ შეიძლება, ძალადობით უპასუხო, ეს არის ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი, მაგრამ მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, ჩვენ შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ წამოყვეს თავები, მათი ლიდერი რომ ხან კვდებოდა, ათასგვარ სიბინძურეს რომ არ ეშვებიან კიდევ, დღეს რომ თანამდებობებს ინაწილებენ, ვის გვერდში დგახართ, რას აკეთებთ? ვინ გინდათ, გვარამია რომ მოიყვანოთ? ეს არაკაცები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ? ეს ქათმები, ქათამს რას ვერჩი, ეს მართლა უღირსი ფარჩაკები, ესენი. ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასოდეს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, დღეს დადიან ტურებივით და ეუბნებიან, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. მე პირადად (დარწმუნებული ვარ, ასევე თითოეული ჩემი კოლეგა და ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა) გეუბნებით, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ რასაც შევპირდით ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხს, რომ ვერასოდეს ამ ბოროტებით ვერ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ, დავიგინებთ, თუ გინდათ, დავიფიცებით. შეგაკლავთ თავს, ვერ ეღირსებით, რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. დროშაზე რომ ლაპარაკობდით, იმ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს. თქვენ რამე ხო არ გეშლებათ მართლა?! ვერასოდეს ვერ მობრუნდებით ხელისუფლებაში და ამ ქვეყანას ბოროტებას თავს ვერ მოახვევთ, ეს დავიფიცეთ კიდეც და კიდევ გეუბნებით. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, კარგად დაიმახსოვრეთ, ესენი ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.