ალუდა ღუდუშაური - გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს
გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები არათანმიმდევრული და არასერიოზულია.
„მამუკა ხაზარაძე ყოველდღიურად ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის. გუშინ ბატონი მამუკა ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს და წარმოუდგენელია, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აპირებ, როგორ უნდა შექმნა საგამოძიებო კომისია ამა თუ იმ
საკითხზე. ამიტომ არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია ოპოზიციის მხრიდან და ამავდროულად ძალიან არასერიოზულია მათი განცხადებები“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ქალბატონ კელი დეგანანთანაც უფრო აქტიური კომუნიკაცია გვექნება და ყველა ინფორმაციას მივაწვდით იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც გაწერილია მიშელის დოკუმენტში. ვასრულებთ და ისე შევასრულებთ, როგორც შეთანხმება ითვალისწინებს. შეთანხმებაში არსად წერია, რომ სასამართლო უნდა დაიხუროს და დარჩეს მოსამართლეების გარეშე. დიახ, შეჩერდა პროცესი ორი კვირის განმავლობაში, ახალ კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, წარედგინათ განაცხადები და კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. ასევე, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და უკვე კანონად ვაქციეთ, რომელიც ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის ღიაობას და გამჭვირვალობას. ამდენად, მთელი რიგი საკითხები, რაც მიშელის დოკუმენტში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.