ალუდა ღუდუშაური - გლობალურ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტი კარგი არ არის, წამყვანი ქვეყნები ჩინეთთან ურთიერთობას აღრმავებენ, ჩვენ კი თურმე უფლება არ გვაქვს, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები დავამყაროთ
გლობალურ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტი კარგი არ არის, წამყვანი ქვეყნები ჩინეთთან ურთიერთობას აღრმავებენ, ჩვენ კი თურმე უფლება არ გვაქვს, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები დავამყაროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი წვლილს შეიტანს ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შემოსვლაში.
„ჩვენი გულისტკივილია და გნებავთ, პრეტენზია დავარქვათ, რომ ორმაგი სტანდარტი კარგი არ არის, მით უმეტეს, გლობალურ პოლიტიკაში. განცხადება იყო, რომ მოლდოვამ ჩინეთთან ურთიერთობა უნდა გააღრმაოს ეკონომიკური კუთხით და არამხოლოდ. ასეთ ფონზე ვერ მოვისმინეთ არათუ არანაირი კრიტიკა, არამედ რაიმე ერთი განცხადებაც, რომ ვინმეს მოლდოვისთვის თითი დაექნია და ეთქვა, როგორ წარმოუდგენია ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. საქართველო ცდილობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა იმ სტანდარტით ჰქონდეს, რაც მასთან წამყვან ქვეყნებს აქვთ.
რაც შეეხება ინვესტიციებს, იმედია, ელჩი განსაკუთრებულ როლს შეიტანს იმაში, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციები შემოვიდეს. თუ აქ ამერიკელები ჩადებენ ფულს, ამას მხოლოდ მივესალმებით, აქ ორი აზრი არ არსებობს. როდესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი დაინტერესება არ არის, საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ვთქვათ უარი, როგორიც ანაკლიაა. ამ პორტზე არაერთი სპეკულაცია იყო, რომ არ ვაშენებდით, რადგან თუნდაც ოკუპანტ რუსეთთან კონკურენციაში არ შევსულიყავით. მთელი რიგი აბსურდის სპირალი მოვისმინეთ და როცა ახლა ნაბიჯები იდგმება, მხოლოდ კრიტიკაა. სწორედ სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, არამედ სიტუაციის მიმცემი. მსოფლიოში ეკონომიკის მიმართულებით დრაივის მიმცემი ჩინეთია და აზიური ტვირთების თაობაზე მარათონია გამოცხადებული წამყვანი ქვეყნების მხრიდან. ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, უარი ვთქვათ ეკონომიკაში ასეთი ინიექციის განხორციელებაზე“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.