ალუდა ღუდუშაური - განუზომლად დიდია ჩვენი ქვეყნის როლი, რეგიონის მოთამაშეები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რათა მშვიდობის განმტკიცებაში მედიატორის როლი იკისროს
ალუდა ღუდუშაური - განუზომლად დიდია ჩვენი ქვეყნის როლი, რეგიონის მოთამაშეები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რათა მშვიდობის განმტკიცებაში მედიატორის როლი იკისროს

იმ დროს, როდესაც რეგიონში არის ძალიან დიდი ტურბულენტობა და მაღალია დაძაბულობის ფონი, ამ საომარი და გამოწვევებით სავსე ვითარებაში, ჩვენ ქვეყანა, საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს როლს, ასრულებს მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიც არის რეგიონში მედიატორის, სამშვიდობო პოლიტიკის განმსაზღვრელის როლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი რეგიონის მოთამაშეები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რათა მშვიდობის განმტკიცებაში მედიატორის როლი იკისროს.

„დასაფასებელია შედეგი, რომელიც მიიღწა აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ფორმატით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ ფორმატის ფარგლებში საუბარი შეეხო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას. განუზომლად დიდია ჩვენი ქვეყნის როლი, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად და ძალიან გამოკვეთილად ირაკლი ღარიბაშვილმა ეს როლი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. ეს არის პროაქტიული ქმედება, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობა. ყველა ლიდერმა ერთხმად გაუსვა ხაზი მშვიდობის ფაქტორის მნიშვნელობას. მშვიდობა არის განმსაზღვრელი სტაბილური განვითარების, პროგრესის, კეთილდღეობის და საწინდარია სტაბილურობის, კეთილდღეობის, ყოველგვარი სიკეთის. ამაში ვართ ფლაგმანები და ის როლი, რომელიც საქართველომ იკისრა პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების, მმართველი გუნდის ძალიან პრინციპული ნაბიჯების შედეგად, არის დაფასებული, მათ შორის რეგიონში.

ვფიქრობ, ქვეყნის შიგნითაც მტრულად განწყობილ პოლიტიკურ არარაობებს ძალიან მალე მოუწევთ აღიარება, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწორად, გონივრულად და პრაგმატულად იარა მთელი ამ ხნის განმავლობაში. გონივრული, პრაგმატული და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადადგმულმა ნაბიჯებმა, ეს შედეგი მოიტანა. ეს უზრუნველყოფს რეგიონში გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის განმტკიცებას, ამაში ლომის წვლილი აქვს საქართველოს. რეგიონში ჩვენი მეზობლების მხრიდან ჩვენ მიმართ გამოთქმულ ნდობას აქვს კონკრეტული წინაპირობები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების დროს, ტყვეთა გაცვლის მომენტში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი და მხარეებს შორის ნდობაზე დაფუძნებით მოხდა ტყვეთა გაცვლა. ჩვენი რეგიონის მოთამაშეები, აქტორები ენდობიან საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, რათა მშვიდობის განმტკიცებაში მედიატორის და წამყვანის როლი იკისროს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ახალ და ახალ შესაძლებლობებს გაეხსნას კარი, რეგიონის და ჩვენი ქვეყნის ფუნქცია კიდევ უფრო მეტად იყოს წინ წამოწეული.

„ეს სხვადასხვა ბიზნესსექტორს განვითარების საშუალებას მისცემს და ახალი ბიზნესწამოწყებებს დაუდებს სათავეს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური წინსვლა და სიჯანსაღე იყოს განმტკიცებული, შენარჩუნებული და წახალისებული. შუა დერეფნის აქტუალიზაცია კიდევ უფრო მეტად იყოს წინ წამოწეული. ყველაფერს, თავისთავად ცხადია, სჭირდება სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფა, როდესაც ეს კომპონენტები თავის ფუნქციას შეასრულებენ, ეკონომიკა ახალ ნიშნულზე ავა. იქნება უამრავი ინოვაციური პროექტები. ისეთი გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც არა მარტო რეგიონის ან ევროპა, არამედ მთლიანად მსოფლიო დგას, სწორედაც შუა დერეფნის ფუნქცია არის მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან, რომ საქართველოსთან ერთად შეთანხმებულად ხდება სატრანსპორტო მიმართულებით თუ სხვადასხვა მსხვილი ბიზნესწამოწყებების მხრივ ნაბიჯების დაგეგმვა და შემდეგ უკვე განხორციელება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.