ალუდა ღუდუშაური - გამოქვეყნებისთანავე ნათლად ჩანდა, რომ ფარული ჩანაწერები რეალობისგან მოწყვეტილი, დამონტაჟებული იყო
გამოძიებით დადასტურდა, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უსმენდნენ კონკრეტულ პირებს და ტელკომპანია „პირველის“ მიერ წარმოდგენილი იყო ფალსიფიცირებული დამონტაჟებული ჩანაწერები, რომლის მიზანიც, როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამონტაჟებული აუდიოჩანაწერებით საზოგადოებაში ცრუგანცდების შექმნას ეცადნენ.
„რამდენიმე ხნის წინ პოლიტიკურად აფილირებული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა ფარული ჩანაწერები, რომლის მონაწილეებიც ამ ტელევიზიის მტკიცებით, იყვნენ ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე. გამოძიება დაიწყო და დღეს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უსმენდნენ კონკრეტულ პირებს და ამ ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი იყო ფალსიფიცირებული დამონტაჟებული ჩანაწერები, რომლის მიზანიც გახლდათ როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე ნათლად ჩანდა, რომ ეს იყო რეალობისგან მოწყვეტილი, დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული ჩანაწერები. მაგრამ მაშინ, როცა პოლიტიკურ ოპონენტს, ამ პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვან შვილს უსმენ, ეს მიუთითებს, როგორი შიშის განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონკრეტულად მათ ლიდერებს. გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ჩანაწერზე არის ზემოქმედების კვალი. ეს ამოკრებილი, დამახინჯებული და მოდელირებული ვერსიაა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზეს და კონკრეტული პირები შეეცადნენ, რომ საზოგადოებაში შეექმნათ ცრუგანცდები, თითქოსდა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი ან ანზორ ჩუბინიძე, ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს სჩადიოდნენ. გამოძიების შედეგად ცალსახად დადასტურდა, რომ ჩანაწერი მორიგ ჯერზე მათი მოდელირებული, დამონტაჟებული ვერსია იყო, რათა საზოგადოება მუდმივად ამყოფონ ზეწოლისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.
როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ტელეფონებზე მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რედაქტირების შემდეგ მიღებულია შეცვლილი შინაარსის აუდიო ჩანაწერები.