ალუდა ღუდუშაური - „ემპათია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ობიექტურობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მათი განცხადებები მიკერძოებულია
„ემპათია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიმართ განსაკუთრებული, გადაჭარბებული ლეგიტიმაცია ან ობიექტურობასთან დაკავშირებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ემპათიის“ განცხადებები მიკერძოებულია და არც ერთ ეტაპზე ობიექტურობის განცდას არ ტოვებდა.
როგორც ალუდა ღუდუშაური ამბობს, სააკაშვილს ვერც „ემპათიის“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება დაიხსნის სამართლიანი მსჯავრისგან.
„ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ერთ კონკრეტულ საქმეს აკეთებენ, როგორმე, ნებისმიერ ფასად სააკაშვილი მართლმსაჯულებიდან იხსნან. არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი ობიექტურობასთან ახლოს იქნება. „ემპათიას“ ამბიცია ნუ ექნება, რომ რამე განსაკუთრებულს წარმოადგენენ. მათი განცხადებები მიკერძოებულია და არც ერთ ეტაპზე ობიექტურობის განცდას არ ტოვებდა, მათგან სიცრუის ტირაჟირება, ბევრი ტყუილი და უმსგავსობა მოვისმინეთ. პრაქტიკულად სააკაშვილის ციხეში შესვლის დღიდან გვესმის, რომ სააკაშვილის თავს აპოკალიფსი ხდება. სააკაშვილის გადაყვანა თუ ქვეყნიდან გაყვანა აბსოლუტური ნონსენსი და სპეკულაციაა. ეს გამორიცხულია. სააკაშვილს მოუწევს, მსჯავრი მოიხადოს იმ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ, რომლის ქვეშაც მსჯავრი აქვს დადებული. მთელი ეს აჟიოტაჟი, ვერცერთი ლობისტის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, ვერც „ემპათიის“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება ვერ დაიხსნის სააკაშვილს სამართლიანი მსჯავრისგან.
„ემპათიის“ ვიღაც წარმომადგენელი ამბობს, თურმე სააკაშვილი მოწამლული ყოფილა. თავად სააკაშვილი და დედამისი ამბობენ, ასეთი რამ არ არისო. სრულიად ნათელია და ყველაფერი ხელის გულზე დევს – სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის სპეკულაციები. ექიმის ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოიყვანეს თუ დაიქირავეს ლობისტები, რომ როგორმე სააკაშვილის თემა იყოს ხელოვნურად დაპიარებული და გაშლილი, იქნებ აარიდონ მსჯავრი, რომელიც სრულიად სამართლიანად აქვს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.