ალუდა ღუდუშაური - დავით კეზერაშვილისგან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე ოლიგარქია, ნამდვილად თავადაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, დავით კეზერაშვილი აღიარებს, რომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს პარტიებს და ფლობს მედიას.
ღუდუშაურის თქმით, კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ კონკრეტულ პარტიებს აძლევს ფულს, თუმცა არცერთი პარტია ამის დეკლარირებას არ ახდენს.
„დავით კეზერაშვილის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში ოლიგარქია, ნამდვილად თავადაა. პრაქტიკულად, აღიარებს, რომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს პარტიებს და ფლობს მედიას. როგორც ჩანს, დაფინანსებასთან ერთად მის გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდნენ. მისი აღიარების პარალელურად ვხედავთ, რომ, ვალდებულების მიუხედავად, არცერთი პარტია დეკლარირებას არ ახდენს და არ უჩანთ, რომ იღებდნენ ან იღებენ კეზერაშვილისგან დაფინანსებას, თუმცა თავად დაადასტურა, რომ კონკრეტულ პარტიებს აძლევს ფულს. ქვეყანაში არ მეგულება არცერთი მოქალაქე, ვისაც კეზერაშვილის მიმართ ჰქონდეს რაიმე განცდა, რომ ის იჩაგრება. არ მეგულება ადამიანი, ვინც არ ფიქრობდეს, რომ კეზერაშვილმა მილიონები იშოვა ქართული ჯარის გაძარცვის შედეგად. მისი მხრიდან ჩაგვრაზე ან დევნაზე საუბარი წარმოუდგენელია მაშინ, როცა ყველამ კარგად იცის „კეზერაშვილის საქმენი საგმირონი“. როგორც ჩანს, კეზერაშვილს ძველი დრო ჰგონია, როცა ბიზნესმენებს დევნიდნენ. მისი დღევანდელი რეალობა დაკავშირებულია იმ სისხლიან რეჟიმთან, რომლის შედეგად მან სწორედ ბიზნესის რეკეტის ხარჯზე მილიონები მიიღო, რასაც, როგორ თავად ამბობს, რადიკალურ ოპოზიციაში აბანდებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.