ალუდა ღუდუშაური - ვერ დავუშვებთ, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა შეფერხდეს, დამოუკიდებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვფიქრობ, ვეტო უნდა დაიძლიოს
პრეზიდენტის ვეტო არ ემსახურება ეროვნული ბანკის ინსტიტუციის გაძლიერებას და დამოუკიდებლობას, ისევე, როგორც ეს არ ემსახურებოდა, მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით მის ინსტიტუციურ გაძლიერებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებები უსაფუძვლო და არასამართლიანია.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა იყოს შეფერხებული, მისი დამოუკიდებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, ვფიქრობ, ეს ვეტო უნდა დაიძლიოს. ოპოზიციას, ამ რადიკალურ, ბოროტ ოპოზიციას და უსაქმურ ოპოზიციას გადაეცით, ტყუილად ნუ არიან მობილიზებულნი, რომ ქვეყანას რაიმე პრობლემები შეექმნება და ამით ესენი გახარებულები დარჩებიან. ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყნის წინსვლა, გაძლიერება, დემოკრატიული გაძლიერება გაგრძელდება, ხოლო ეს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ ყველაფერს ცუდს უსურვებს თავის ხალხს და ქვეყანას იმისთვის, რომ როგორმე არეულობა იყოს, მე მათ ვურჩევდი, რომ კოვზი ნაცარში მორიგ ჯერზე ჩაუვარდებათ, თავიანთ პოლიტიკურ რეიტინგს მიხედონ, ყველაფერს ჯობია“, – განაცხადა განაცხადა ღუდუშაურმა.